activity objectives news newspapercontact us      
         
chvens shesaxeb
amocanebi  
siaxleebi  
gazeti  
dagvikavshirdit  
 
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     
     

საერთაშორისო ასოციაცია
„საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“

სიცოცხლისათვის…
ბავშვები, ბავშვები, ბავშვები… ღიმილის პრიზი ასოციაციის საპატიოჯილდო

ბავშვები, ბავშვები, ბავშვები…

ასოციაციის ზრუნვა ბავშვებზე მრავალმხრივი და განსაკუთრებულია, ძუძუთი კვების ტრადიციის აღდგენაში შეტანილი წვლილით დაწყებული, ბავშვებისათვის ზეიმების მოწყობით დამთავრებული.
ასოციაცია სისტემატურად ეხმარება თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის პატარა ბინადართ ტანსაცმლით, კვების პროდუქტებით (რძის ფხვნილი), მედიკამენტებით, ლოგინის თეთრეულით, სარეცხი საშუალებებით და სხვ. ასოციაციის ძალისხმევით და რეკომენდაციებით, ქვეყნის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მოხერხდა სახსრების გამოყოფა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის რეკონსტრუქციისა და კეთილმოწყობისათვის.
“SOS ბავშვთა სოფლის” აღსაზრდელებთან
თავისი მოღვაწეობის დასაწყისიდანვე ასოციაციის ერთ–ერთ მნიშვნელოვან აქციად უნდა ჩაითვალოს ნანული შევარდნაძის დახმარებით მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის ყოფილი პანსიონის გაყიდვა–გასხვისებისაგან გადარჩენა და უსასყიდლოდ გადაცემა მიუსაფარი ბავშვებისათვის, რომლებიც მანამდე თბილისის ქუჩებში, ეზო–სადარბაზოებში, ტყეებში, ეკლესიების შემოგარენში ეძებდნენ თავშესაფარს. ძეგვის ბავშვთა სახლის დაფუძნებისათვის ასოციაციამ შეიძინა ან ქველმოქმედთაგან მოიძია: საწოლები, ლოგინის თეთრეული, ტანსაცმელი, საოჯახო და სასწავლო ნივთები, პირადი ჰიგიენის საგნები. სანიტარულ–ჰიგიენური ღონისძიებების და სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად ბავშვები ჩამოჰყავდათ თბილისში, სადაც მათ ასოციაციის აქტივისტები უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ. ამჟამად ძეგვის ბავშვთა სახლი საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარება და მუშაობს საკმაოდ კეთილმოწყობილ პირობებში. საყურადღებოა, რომ ამ ბავშვთა სახლში ჩამოყალიბდა ოჯახური ცხოვრების ჩვევები და ბავშვობის ასაკიდან გამოსული ახალგაზრდები ცხოვრებას განაგრძობენ ძეგვსა და ბედიანში, მათთვის შეძენილ სახლებსა და ეზო–გარემოში.
ოზურგეთელი ტყუპები – გიორგი, ალეკო და ვანო მეგრელიშვილები. ასოციაცია დაბადების დღიდან მოყოლებული გუშემატკივრობდა და ეხმარებოდა ამ მრავალშვილიან ოჯახს, რომელიც 9 წლის მანძილზე ელოდა ნანატრ შვილს.
ასოციაციის წარმომადგენლებმა პირველებმა ჩაუტანეს ძეგვში თეთრეული ბავშვებს, რომელთაც, ვინ იცის, რამდენი ხანია საწოლში არ სძინებიათ.

ასოციაციის ძალისხმევით გაყიდვა–პრივატიზაციას გადაურჩა აგრეთვე კოჯრის ბავშვთა ყოფილი ტუბსანატორიუმი „ალიონი“, რომელიც პატარებს შეუნარჩუნდათ, როგორც ფილტვებით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი. იგი უცხოელ პარტნიორთა დახმარებით გარემონტდა. აღსდგა, გადაიხურა საძინებელი კორპუსი, მოწესრიგდა სველი წერტილები, მაგრამ იმისათვის, რომ „ალიონმა“ მიიღოს საბოლოო და სრულფასოვანი სახე, კვლავ მრავალი პრობლემაა მოსაგვარებელი. 2003 წლის დასასრულსა და 2004 წლის დასაწყისში ასოციაციამ სამთავრობო ორგანიზაციებთან (დედაქალაქის მერიასთან და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან) ერთად შეიმუშავა პროგრამა და მისი განხორციელების გზები.

სასწავლო სახელოსნოები ბავშვთა სახლებში
ასოციაცია თითქმის ყოველ წელს, ზოგჯერ წელიწადში რამდენჯერმე, ეხმარება რესპუბლიკის ბავშვთა სახლებს, ეს ქველმოქმედება სცილდება პროდუქტით, ტანსაცმლით, მედიკამენტებით მომარაგების ფარგლებს. იგი ზრუნავს ამ ბავშვების მომავალზეც, რაც მეტად მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ადაპტაციის თვალსაზრისით.

სანთლების ჩამოსასხმელი სახელოსნო სოციალური თერაპიის ცენტრში
თბილისის ყრუ–მუნჯ ბავშვთა სახლის საზეინკლო სახელოსნო
ბავშვთა სახლების აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა
თბილისის N1 დამხმარე სკოლა–ინტერნატის საქსოვი საამქრო

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოციაციის მიერ უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებით 2000–2003 წლებში განხორციელებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ბავშვთა სახლებში სასწავლო სახელოსნოების, საცხოვრებელი და სასადილო ბლოკების გარემონტებას, აღდგენა–კეთილმოწყობას, ამ სახელოსნოების სათანადო მასალებით მომარაგებას. ამერიკისა და შვეიცარიის ქალთა ფონდების დაფინანსებით ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდა 15 საბავშვო სახლში.

სტუმრად “SOS – ბავშვთა სოფლის” აღსაზდელებთან
“ნატვრის ხის” აღსაზრდელების მომღერალთა ანსამბლი

სახელოსნოებში ბავშვები მკერავის, დურგლის, ხარატის პროფესიულ შრომით ჩვევებს იძენენ, ეუფლებიან კერამიკის, ძერწვის, ქარგვის ხელოვნებას. საგულისხმოა, რომ მათ მიერ დამზადებული პროდუქციის რეალიზაციით მიღებულ შემოსავალს კვლავ ბავშვთა სახლები იყენებენ.
ამ პროექტის საფუძველზე გლდანის N2 დამხმარე სკოლა–ინტერნატში თითქმის ხელახლა აშენდა გაუქმებული სასადილო, გარემონტდა სამზარეულო, შეიძინეს საჭირო ინვენტარი, ხელსაწყოები, ჭურჭელი და სხვ. ამოქმედდა სადურგლო, საზეინკლო და საფეიქრო სასწავლო სახელოსნოები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე არ ფუნქციონირებდნენ სათანადო ხელსაწყოებისა და მასალის უქონლობის გამო.

თბილისის სმენადაქვეითებულ ბავშვთა ბაგა –ბაღის სასწავლო ლაბორატორია
საახალწლო ზეიმი პანსიონატში “ნატვრის ხე”. 2002 წ.

ასეთივე პროგრამა განხორციელდა თბილისის სუსტადმხედველ ბავშვთა სკოლა–ინტერნატში, სადაც 200–მდე აღსაზრდელს საშუალება მიეცა სახელოსნოებში სხვადასხვა პროფესიისთვის საჭირო უნარ–ჩვევები შეიძინოს. სახელოსნოები მოეწყო აგრეთვე თბილისის სმენადაქვეთებულ და მეტყველებაში მძიმე დარღვევების მქონე ბავშვთა სკოლა–ინტერნატებში.
თელავის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დიდი სიხარული მოჰგვარა უცხოელ მეგობართა შემწეობით კერამიკული სასწავლო საამქროს აღდგენა–კეთილმოწყობამ; სასიამოვნო სანახავია, რა გულმოდგინედ ეუფლებიან ბავშვები „ძერწვის ხელოვნებას“, რა სიხარულით ემზადებიან ხოლმე გამოფენებისა და კონკურსებისათვის. პატარა „ხელოვანთა“ ნამუშევრების გამოფენა–გაყიდვაზე, რაც რეგულარულად ეწყობა თბილისსა და სხვა ქალაქებში, ყოველთვის ხალხმრავლობაა და სიამოვნებით იძენენ ბავშვების ნახელავს.
ასოციაციის გერმანიის ფილიალის ძალისხმევით კოჯრის მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლს გაუკეთდა გათბობა.

უნარშეზღუდულ ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა
სოფელ მარტყოფის ბავშვთა სახლში ამავე პროექტით აშენდა და მოეწყო მეცხოველეობის ფერმა. შეიძინეს 15 ძროხა და დეკეული, სატვირთო ავტომანქანა, მცირე მექანიზაციის საშუალებები. ფერმაში ამჟამად ხორციელდება მთელი ტექნოლოგიური ციკლი: საქონლისათვის საკვების მოპოვებით დაწყებული, რძის პროდუქტების წარმოებით დამთავრებული. ფერმის „მუშაკები“ თავად ბავშვები არიან და პროდუქციაც მათვე ხმარდებათ. ხოლო მიღებული შემოსავლით ზაფხულობით ბავშვები დასასვენებლადაც მიჰყავთ. გარდა იმისა, რომ ბავშვთა სახლს შემოსავალი გაუჩნდა, შრომა მათ ცხოვრებას უხალისებს.
ახალგორის ბავშვთა სახლში ისე აეწყო საქმე, იქაური მოზარდების მიერ დამზადებული ხის კოვზები, ჩამჩები, თაროები, პატარა მაგიდები უკვე გაიტანეს სარეალიზაციოდ. გემოვნებით შესრულებული ნაქარგები და ლამაზად შეკერილი თეთრეული გადასცეს დამკვეთს — ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლს.
ზეიმი ინვალიდთა საზოგადოებაში
წიგნების, ჟურნალებისა და საკანცელარიო ნივთების აკინძვას შეუდგნენ თბილისის N1 დამხმარე სკოლაში, სადაც აღდგა და კეთილმოეწყო საბეჭდი და საამკინძაო სახელოსნოები. მათ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა, როგორც დედაქალაქში, ისე მთელ რესპუბლიკაში.
თბილისის ბავშვთა კვების სოციალური ცენტრისათვის, სადაც 100–მდე მიუსაფარი ბავშვი იკვებება უცხოელ ქველმოქმედთა ფონდის შემოწირულობებით, ასოციაციის მიერ მომზადებული პროექტის საფუძველზე, მიზნობრივი დანიშნულებით გადაირიცხა თანხა, რამაც თითქმის ნახევარი წლის მანძილზე უზრუნველყო ბავშვთა კვება მაღალი ხარისხის პროდუქტებით.
თბილისის ყრუ ბავშვთა ბაგა–ბაღის აღმზრდელები, აღსაზრდელები და მშობლები ვერასოდეს წარმოიდგენდნენ, თუ მათ ოდესმე ასეთ მასშტაბურ დახმარებას გაუწევდნენ მათთვის ყველაზე რთული და სათუთი პრობლემის მოგვარებაში. გარდა თითოეული ბავშვისთვის სასმენი აპარატის შეძენა–მორგებისა, ასოციაციამ, უცხოელ მეგობართა დახმარებით, ბაგა–ბაღს შეუძინა საბავშვო საწოლები, მაგიდები, სკამები, დიდაქტიკური მასალები და ხელსაწყოები, ხმის გამაძლიერებლები, მუსიკალური ცენტრები, ვიდეომაგნიტოფონები, კინოაპარატი, ტელევიზორები, სათამაშოები, მათვე რამდენჯერმე გადაეცათ ტანსაცმელი და პირადი მოხმარების ნივთები.

1996 წელს თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, „SOS-ბავშვთა სოფელი“ გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნად ათასობით ობოლი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვია, გართულდა „სოფლის“ აღსაზრდელთა კონტიგენტის შევსება ბავშვების განსხვავებული კრიტერიუმით შერჩევის გამო. ასოციაციამ თავს იდო არცთუ იოლი საქმე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიძია დედით და მამით ობოლი ბავშვები, ისეთები, ვინც ჯერ ვერ მოასწრო ქუჩური ცხოვრებით „მოწამვლა“; ქალაქად თუ სოფელ–სოფელ შეკრიბეს გოგონები და ბიჭუნები, ზოგჯერ და–ძმანი და საფუძველი დაუდეს მათ ნორმალურ ყოფა–ცხოვრებას. „ბავშვთა სოფელში“ ისინი ხომ ოჯახებად, დედობილის, მართლაც დედობრივი მზრუნველობის ქვეშ იზრდებიან, კვებით, ჩაცმით, სწავლით, გართობით უზრუნველყოფილნი.


ასოციაციას ყურადღების გარეშე არ დარჩენია: თბილისის სოციალური თერაპიის სახლის მოზარდები, ცერებლარული დამბლით დაავადებულ ბავშვთა პანსიონატი “ნატვრის ხე”, ქუჩის ბავშვთა სარეაბილიტაციო ნეტრი “ბეღურები”, წყნეთის, სურამის, საგურამოს, კოხნარის, ბროწეულას, კაჭრეთის, გურჯაანის, ბოდბის, სენაკის, კასპის ბავშვთა სახლები, თბილისის უსინათლო და N1 დამხმარე, გუმათის, რუსთავის სკოლიოზით დაავადებულ ბავშვთა და კოჯრის სკოლა–ინტერნატები, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ბარბარეს სახელობის ობოლ და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა პანსიონი, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრი „სათნოება“, თბილისის სამგორის რაიონის ბავშვთა ცენტრი „ლამპიონი“, ქ. რუსთავის მეტყველებადარღვეული და ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვთა სკოლა–პანსიონატი.
სმენადაქვეითებულ ბავშთა ბაგა–ბაღისა და ყრუ ბავშვთა სკოლა–ინტერნატის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ

 

ასოციაცია ბავშვთა ზეიმების ორგანიზატორიც არის
ბავშვები მაინც ბავშვები არიან და ზოგჯერ მათთვის პურზე მეტადაა საჭირო სანახაობა, გართობა, მხიარულება, სათამაშოები, საჩუქრები… ხოლო თუ საახალწლო საჩუქრებს ქვეყნის პირველი ქალბატონი ურიგებს ან სააღდგომო კვერცხის გატეხვაში ეჯიბრებიან საპატიო სტუმარს, მაშინ ზეიმი განსაკუთრებულ ელფერს იძენს.

ასოციაციამ ტრადიციად დაამკვიდრა თითქმის ყოველი შობა–ახალი წელი, აღდგომა, ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღე — 1 ივნისი და სასწავლო წლის დაწყება მიულოცოს საბავშვო სახლებისა და სკოლა–ინტერნატის ბავშვებს, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების მოსწავლეებს, სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ პატარა პაციენტებს. ტკბილეულისა და საჩუქრების გარდა მათ სიურპრიზებსაც უწყობენ და ახალ წელს თოვლის ბაბუასთან ერთად ეწვევიან ხოლმე.
საყოველთაო გამოხმაურება მოჰყვა 1998 წლის იანვარში საბავშვო და საყმაწვილო თეატრში მოწყობილ ზღაპრულ საახალწლო ზეიმს. აღსანიშნავი ის იყო, რომ ამ ზეიმში პირველად მონაწილეობდნენ ინვალიდი ბავშვები. მათთვის მაყურებელთა დარბაზში საგანგებოდ დააგეს ლიანდაგი, რომელიც დატოვეს იმ მიზნით, რომ შემდგომ ეტლიან პატარებს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ.
ზეიმები, რასაკვირველია, მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში არ ეწყობა. ბავშვებთან სათამაშოების, ტანსაცმლის, ტკბილეულის მიტანა და მოფერება, ხშირ შემთხვევაში, შეხვედრები სტუმრების ან მასპინძლების ძალებით კონცერტის გამართვით მთავრდება, რაც, მართლაც, ზეიმად ექცევათ ხოლმე პატარებს.
ალბათ, დაუვიწყარი იქნება სოფელ წერაქვის საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის 1998 წლის ბავშვთა საერთაშორისო დღე — 1 ივნისი. ნანული შევარდნაძე ასოციაციის წევრებთან ერთად ხელდამშვენებული ეწვია სკოლას. ჩვეულებრივ საჩუქრებთან ერთად უჩვეულო რამ, ძვირფასი ჯიშის „რაში“ „ბენჟამენი“ აჩუქა. სკოლის დირექტორმა, მწერალმა ნოდარ წულეისკირმა პედაგოგების, მოსწავლეებისა და წერაქველების სახელით მადლიერება გამოხატა იმის გამოც, რომ სკოლის აღდგენა–აღორძინებისათვის დიდად დაეხმარა ბატონი ედუარდ შევარდნაძე, როგორც პრეზიდენტი და როგორც მოქალაქე (სკოლისათვის ავტობუსის საკუთრებაში გამოყოფითა და პედაგოგებისათვის ხელის შეწყობით).
სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ზეიმი თბილისის დიდი დიღმის192–ე საშუალო სკოლაში.1998წ.
თბილისის 71–ე ბაგა–ბაღის აღსაზრდელთა საზეიმო გაცილება სკოლაში. 2004 წ. მაისი

ვახტანგისი გარდაბნის რაიონში საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელია. აქ, ისევე, როგორც წერაქვში, ძალზე მნიშვნელოვანია ქართული სკოლების ფუნქციონირება, ქართული ენის, ქართული სულის და, გნებავთ, მართლმადიდებლური სარწმუნოების აღდგენა–დამკვიდრება. „საქართველოს ქალებმა“ არც ვახტანგისის სკოლა დატოვეს უყურადღებოდ. გარდა იმისა, რომ ბავშვები ინდივიდუალური საჩუქრებით გაახარეს და პედაგოგებსაც ორი ბარდანა მეორადი ტანსაცმელი ჩაუტანეს, ასოციაციის ხელშეწყობით მოგვარდა სკოლის ზოგიერთი პრობლემა, კერძოდ, მათი მეთოდური ლიტერატურითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფა. რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნანა მოსიძემ ვახტანგისის ქართულ სკოლას გაუგზავნა მერხები, სასწავლო ნივთები, კლასგარეშე ლიტერატურა.


საბერძნეთის რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციისა და მეწარმე ქალბატონების ერთობლივი პროგრამით და დახმარებით 1998 წელს ასოციაციამ ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების კურორტებზე დასასვენებლად გაგზავნა 300–ზე მეტი ბავშვი, მათ შორის სოხუმის საყმაწვილო თეატრის „თეთრი ტალღის“ ლტოლვილი ბავშვები, ასევე ობოლი, ნახევრადობოლი პატარები და მრავალშვილიანი უმწეო ოჯახების შვილები.
კრწანისის რაიონის ფონიჭალის დასახლებაში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ უსინათლოები, 2001 წელს ასოციაციის ეგიდით 127–ე სკოლის ბაზაზე გაიხსნა საზაფხულო ბანაკი „ჩირაღდანი“ (მანამდე ასოციაციამ ამ სკოლას ხუთი კომპიუტერი აჩუქა). ზაფხულის მცხუნვარე დღეებში 150 სხვადასხვა ასაკის მოზარდისათვის ერთადერთი სულისმოსათქმელი ადგილი „ჩირაღდანი“ იყო. უსინათლო მშობლები, რომლებიც უმუშევრად და უსახსროდ არიან დარჩენილნი, ამ აქციის გამო უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავდნენ.


ოფისის ავტობუსს შეუფერხებლად გადაჰყავდა და გადმოჰყავდა სიხარულით ფრთაშესხმული ნორჩები კოჯრის, წყნეთის, თბილისის N1 ბავშვთა სახლებიდან, N2 დამხმარე სკოლა–ინტერნატებიდან, ბავშვთა თავშესაფრებიდან.

   

2001 წლის საახალწლო მეჯლისი ასოციაციამ მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გამართა. მეჯლისზე მოწვეულნი იყვნენ თბილისის პირველი ბავშვთა და ლოგოპედური სკოლა–ინტერნატების, ქუჩის ბავშვთა თავშესაფრების „ბეღურებისა“ და „სათნოების“, რუსთავის, კოჯრის, მარტყოფის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები, ლტოლვილი და მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები. პატარა სტუმრებს წინასწარ დაურიგეს თანატოლების ნახატებით დამშვენებული „პერსონალური“ მოსაწვევი ბარათები. ფერიებივით გოგონებისა და მათი პარტნიორი ბიჭუნების შესრულებული საბალეტო ნომრები, ბერიკაობის სცენები, ცეკვა და მოლხენა თოვლის ბაბუასთან, თვით პირველი ქალბატონის ჩაბმა ფერხულში, თვალწარმტაცი ნაძვის ხე და საზეიმოდ მორთული დარბაზი მართლაც ზღაპრული იყო… ყველაფერი კი ლამაზად შეფუთული საახალწლო საჩუქრებით დაგვირგვინდა. იმ დღეს პედაგოგებსა და მშობლებსაც მოუწყვეს სიურპრიზი. სანამ ბავშვები დარბაზში თოვლის ბაბუასთან მხიარულობდნენ, უფროსები საყვარელ და მონატრებული ფილმების ჩვენებას დაასწრეს. ზეიმის ბოლოს რომელი მხარე უფრო ნასიამოვნები დარჩა, ძნელი გასარკვევი იყო. ბავშვებისათვის ზეიმების მოწყობის ორგანიზატორის როლი დაკისრებული ჰქონდა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტს ნანა ბიჭიაშვილს.

   

2003 წელს თბილისის დიდი დიღმის მესამე კვარტალში გაიხსნა ბავშვთა ცენტრი, სადაც ხორციელდება ჯანმრთელ და უნარშეზღუდულ მოზარდებთან ინტეგრირებული მეთოდით მუშაობის პროგრამა. ისინი ამავე დროს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. ამ „ცენტრის“ პირველი სტუმრები სწორედ ასოციაციის წარმომადგენლები იყვნენ. საახალწლო ტკბილეულთან ერთად ბავშვებს გადაეცათ თბილი ქურთუკები, სათამაშოები, მხატვრული ლიტერატურა.
მანგლისის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ „ნაკადულში“ თითქმის აღარავის ახსოვდა, უკანასკნელად როდის დაეხმარნენ. ფილტვებით სუსტი ბავშვებისათვის შესანიშნავი ბუნებრივი პირობებით გარემოცულ ყოფილ სანატორიუმს უამრავი პრობლემა აქვს მოსაგვარებელი. „საქართველოს ქალებმა“ არც მათ დააკლეს ყურადღება, გარკვეული პერსპექტივაც გამოიკვეთა. საახალწლოდ (2004 წლის იანვარი) პატარებს ჩაუტანეს საჩუქრები და გაუმართეს ზეიმი „ნამდვილი“ თოვლის ბაბუას მონაწილეობით, რომელმაც ისე გაამხიარულა ბავშვები, მასთან განშორება უჭირდათ.